საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა პასკალ მენიემ და საელჩოს კომერციულმა ატაშემ ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ სათაო ოფისში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ,,ჯი-აი-ჯის“ დამფუძნებელმა დავით ბეჟუაშვილმა ფრანგ დიპლომატებს კომპანიის ბიზნესპოტფელი გააცნო, რომელიც როგორც ენერგეტიკულ, ასევე არაენერგეტიკულ აქტივებსაც მოიცავს.ამასთან, დავით ბეჟუაშვილმა ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისა“ ბიზნესის განვითარების სტრატეგიულ ხედვაზეც ისაუბრა და სტუმრებს კომპანიის გრძელვადიანი ხედვა წარმოუდგინა. თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე დაინტერესდა ორი ქვეყნის ბიზნესკომპანიების შესაძლო თანამშრომლობისა და ფრანგული ინვესტიციების გაფართოების პერსპექტივით.კომპანიის მენეჯმენტის მოსაზრებით საფრანგეთისა და საქართველოს ბიზნესის სამომავლო თანამშრომლობის პერპექტივას კიდევ უფრო რეალურს ხდის იმ შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშკრულებები აძლევს
დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ელჩის ვიზიტი გახდება საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ წარმომადგენლებს შორის შემდგომი შეხვედრების საფუძველი, სადაც კონკრეტულ ფრანგულ კომპანიებთან საქართველოში ბიზნესის ერთობლივი წარმოების შესაძლებლობა განიხილება.