
2016 წლის 4 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც შპს „ტყიბული 150“ გარდაბანში ქვანახშირზე მომუშავე თბოსადგურის მშენებლობას დაიწყებს. ობიექტის დადგმული სიმძლავრე 150 – 300 მვტ -ია.
შეთანხმების შესაბამისად კომპანიის მიერ პროექტის განხორციელების მიზნით უკვე მიმდინარეობს რიგი მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არის შეთანხმებული. მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2016 წლის 30 სექტემბერს.
ქვანახშირზე მომუშავე თბოსადგურის მშენებლობის ალტერნატიულ ლოკაციაზე დაწყება, მას შემდეგ გადაწყდა რაც კომპანიამ გაითვალისწინა ჩატარებული გეოლოგიური და ეკოლოგიური კვლევების შედეგები. მიღებული დასკვნის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩაითვალა თბოსადგურის, რომლის მშენებლობაც თავდაპირველად ტყიბულში იგეგმებოდა , გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენება. მნიშვნელოვანია რომ , ახალი ენერგეტიკული ობიექტი ტყიბულში მოპოვებულ ქვანახშირზე იმუშავებს.
,,ტყიბული-150 ,, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ‘’ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით შეიქმნა. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა .