
“საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი” საქართველოში მოქმედი ერთადერთი ნახშირმომპოვებელი კომპანიაა, რომელმაც 2006 წელს უზრუნველყო საწარმოო პროცესის აღდგენა ნახშირის მაღაროების თითქმის ათწლიანი იძულებითი უმოქმედობის შემდეგ. „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის მიერ მაღაროებში სამუშაოების განახლების შედეგად, ტყიბულის რეგიონში შეიქმნა 1500 ახალი სამუშაო ადგილი. ადგილობრივი დასაქმების პოლიტიკის გატარების შედეგად, ჯი-აი-ჯი ჯგუფი რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელი გახდა და სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის კვლევების თანახმად, მთელი საქართველოს მასშტაბით ტყიბული აღმოჩნდა ის ერთადერთი კუთხე, სადაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნამ უზრუნველყო მოსახლეობის დაბრუნება მიტოვებულ საცხოვრებელ ადგილებზე.
“ჯი-აი-ჯი ჯგუფი” დღემდე ინარჩუნებს რეგიონში უმსხვილესი და მთავარი ინვესტორის როლს, რომლის მიერ განხორციელებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციებმაც გააუმჯობესა რეგიონის სოცილაურ-ეკონომიკური მდგომარეობა, განაახლა და ახალ ეტაპზე გადაიყვანა საწარმოო პროცესი, შექმნა ახალი სამუშაო ადგილები, შექმნა საფუძველი სატელიტი საშუალო და მცირე ბიზნესების წამოწყებისათვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს გრძელვადიანი პროექტების განხორციელება, როგორც თავად ნახშირმომპოვებელი პროცესის სრულყოფის მიზნით, ასევე მაღაროების მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნითაც, რაც კომპანიის მიერ არაერთხელ იქნა განცხადებული. ამასთანავე უმნიშვნელოვანისია იმის ხაზგასმაც, რომ “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი”, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი, უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველწლიურად 12.5 მილიონი ლარით შევსებას, ხოლო ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტის - 2 მილიონ ლარზე მეტით. კომპანია ასევე აქტიურად მონაწილეობს სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებში, მისი უშუალო მხარდაჭერითა და თანადგომით, ტყიბულში განახლდა და ამუშავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალი, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული ახალგაზრდობა ეუფლება სამთო-საინჟინრო პროფესიებს. თავის მხრივ, ხელმისაწვდომი განათლება და დასაქმების პერსპექტივა კი, უზრუნველყოფს რეგიონში ახალი თაობების შენარჩუნებას და გადინების პროცესის შემცირებას. გარდა ამისა, კომპანია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პრაქტიკულად ყველა სოციალურ და კულტურულ- საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ჯი-აი-ჯი ჯგუფი“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებელი ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თითოეულ თანამშრომელთან კომპანიას გაფორმებული აქვს ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება, შემოგვიერთდით: Georgian Industrial Group Holding რომელიც სამართლებრივად არეგულირებს შრომით ურთიერთობებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. შრომითი ხელშეკრულებები გაფორმებულია ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე და კომპანია ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობების შენარჩუნებაზე, მიუხედავად იმ საჭიროებისა, რაც დღეს ბაზარზე არსებობს. აქვე, კომპანია აღნიშნავს, რომ დასაქმებულების მხრიდან თანამშრომლობის სურვილის არქონის და/ან კონკრეტულ პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დასაქმებულებს აქვთ უფლება და საშუალება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეწყვიტონ შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
„საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას დასაქმებულებთან მშვიდ გარემოში მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით, მათი ინდივიდუალური მოთხოვნების თაობაზე გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა კატეგორიულად უარს ამბობს ულტიმატუმების რეჟიმში ურთიერთობაზე და მოუწოდებს აქციის მონაწილეებს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებისა და კერძო საკუთრების ხელყოფისაგან თავის შეკავებისაკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იძულებული იქნება მიმართოს ყველა ლეგიტიმურ ღონისძიებას ვანდალური ფაქტებისა და ქონების დაზიანების აღკვეთის მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ გამოთქვამს მზაობას რიგ საკითხებზე კონსესუსის მიღწევის თაობაზე, თუმცა აცნობიერებს რა რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, მსოფლიო ბაზარზე ქვანახშირის სარეალიზაციო ფასის მნიშვნელოვანი ვარდნისა და ნახშირის მოხმარების შემცირების ტენდენციებს, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვერ გასცემს არარეალურ დაპირებებს და ვერ გაააკეთებს პოპულისტურ განცხადებებს ამ ეტაპზე დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურების გაზრდის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს არსებულ რეალობაში არაერთი კომპანიისათვის დადგა დღის წესრიგში მათი არსებობის საკითხი, კომპანიისათვის უმთავრეს პრიორიტეტად მაინც რჩება თითოეული დასაქმებულისათვის სამუშაო ადგილის შენარჩუნება და კომპანიის მთავარ ამოცანას დღესაც წარმოადგენს საწარმოს, ქალაქისა და რეგიონის შემდგომი განვითარება.