6 ივნისს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „ევროპულ სკოლას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ.მხარეები ერთობლივი ძალისხმევით განახორციელებენ პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს ევროპული სკოლისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების განვითარებას .
მემორანდუმის ამოქმედების შედეგად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, როგორც პარტნიორი კომპანია, ხელს შეუწყობს ევროპულ სკოლას, ჩაერთოს საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროგრამებში; რაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ტექნოლოგიური და კომპიუტერული მეცნიერებების კუთხით მოსწავლეთა ცოდნის, უნარების და დამოკიდებულებების განვითარებისთვის და გაღრმავებისთვის.
ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ევროპული სკოლა მიზნად ისახავს: მოსწავლეებში ინოვაციური იდეების სტარტაპებად ფორმირებისთვის საჭირო პროგრამების ორგანიზებასა და მხარდაჭერას; მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების მიზნით საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზებას; მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების ხელშემწყობი ლოკალური და საერთაშორისო კონკურსების და პროგრამების ორგანიზებასა და მხარდაჭერას, თანამშრომლობა ე.წ. „STEM” მიმართულებით ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას ახალი ლაბორატორიებისა და სასწავლო მიმართულებების დანერგვის მიზნით.